ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ, დირექტორის მოადგილეებმა ჯანდრი უბირიამ და მირონ ჩიგოგიძემ, უწყების თანამშრომლებთან ერთად გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ვლადიმერ იმნაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე მისთვის და მისი თანამებრძოლებისთვის უმძიმესი თარიღია. უწყების ხელმძღვანელის აზრით „ სახელმწიფოს მნიშვნელოვან თარიღებს უნდა შეემატოს კიდევ ერთი დღე, დღე როდესაც ქვეყანაში ყველა იმ მებრძოლის ხსოვნას მიაგებენ პატივს, ვინც სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას შესწირა.“ გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდნენ მთავრობის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებმაც პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
1993 წლის 27 სექტემბერს, ქართველი მეომრების თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, სოხუმი დაეცა, რასაც აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. უსახლკაროდ დარჩა 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი.
ყოველი წლის 27 სექტემბერს, ომის მონაწილე მეომრები და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან გმირთა მოედანზე და ერთმანეთს ტკივილს უზიარებენ.