გოგიტა კიკნაძის სახელობის ქ.თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მიწვევით, 14 მაისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნულ სკოლას სტუმრობდნენ. მე-9 კლასის მოსწავლეებმა დღევანდელი ღონისძიება 2008 წლის აგვისტოს ომს მიუძღვნეს. მათი და პედაგოგების თხოვნით, ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აგვისტოს ომის მონაწილე თანამშრომლები: გია ედილაშვილი და ჯიმი ინატაშვილი ესწრებოდნენ.
მოზარდებმა გაიხსენეს ომის ქრონოლოგია, ისაუბრეს ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. წაიკითხეს იმ ჯარისკაცების ლექსები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში შემოჭრილ მტერს ებრძოდნენ. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მომზადებული ფილმი აგვისტოს ომში დაღუპულ ლევან მიდელაშვილზე ციკლიდან – „საქართველოსთან გაფორმებული კონტრაქტი“. მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ 19 წლის ჯარისკაცის ისტორიას. ზოგიერთ მათგანს თვალებიც კი აუცრემლიანდა. „ჩვენ მომავალი თაობა ვართ და ასეთი გმირების მაგალითებზე უნდა გავიზარდოთ“, – ასე შეაფასა მე-9 კლასის მოსწავლემ, კესო ხაჩიძემ ის ისტორიები, რომლებიც ჯარისკაცებისა და თანატოლების მონათხრობიდან მოისმინა.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გამართული გამოფენა დაათვალიერეს.
მოძრავი გამოფენა, „სამშობლოსათვის“, მიმდინარე წლის 29 მარტს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და იგი მთელ საქართველოს მოივლის. გამოფენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ეპიზოდებს ასახავს. მასზე წარმოდგენილია ფოტოხელოვანების: სერგო ედიშერაშვილის, ვლადიმერ ვალიშვილის, გიორგი შარაშენიძის, ირაკლი გედენიძის, გიორგი აბდალაძის, გიორგი ცაგარელის, ივანე შლამოვის, ფელიქს კრიმსკისა და სხვათა ფოტოები. გამოფენა გ.კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე დღე დარჩება.