ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ფეხბურთის ფედერაციისა და ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული, არჩილ ტატუნაშვილის სახელობის საქართველოს თასის I ტურნირის ფინალური მატჩი, ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, თბილისის “თბილისის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს მეტოქეობას გორის “დილა” უწევდა.
ფინალურ მატჩს დაესწრნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე უწყების თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა, არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი და მისი ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, შალვა ჯაბახიძე, პარლამენტის წევრი, სიმონ ნოზაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბახის ომის შახიდთა, ომის ვეტერანთა და ომის ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’კარაბაკ კიზლარის’’ თავმჯდომარე, როვშან გულიევი, ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, ყარაბაღის ომის ვეტერანი, ელმარ ჰუსეინოვი, ყარაბაღის ომის ვეტერან_ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანი, რასინ ელექბეროვი და ყარაბაღის ომის ვეტერან-ამპუტანტთა საფეხბურთო კლუბ ‘’კარაბაკ კაზილერის’’ მენეჯერი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თადარიგის კაპიტანი, ხუდჩარინ ახმადოვი.
“ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი მშვენიერი საღამო გვაჩუქეს, თქვენ თვითონ უყურებდით რა შემართებით და სიხარულით თამაშობდნენ ისინი. ეს ნამდვილად გასახარია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.ჩვენ ამ თასს მათი გმირი შვილის სახელი დავარქვით.”- აღნიშნა თამაშის დასრულებისას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ.
” ჩვენ ვუყურებდით თითოეული ამპუტანტი ბიჭის შემართებას, ჟინს, ბრძოლისუნარიანობას, სისწრაფეს, ეს კიდევ ერთხელ არის იმის მახასიათებელი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს.
დღეს ჩვენთან ერთად იყო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი, მამა. მან დაინახა ის, რომ ქვეყანაში მეომრული სული, გმირები არ კვდებიან, ისინი გადადიან მარადიულობაში.
როგორც ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, მომავალში კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი,. ბევრი გვაქვს საჭიდაო, ბევრი გვაქვს შესაქმნელი, ჩამოსაყალიბებელი, რაც უმთავრესია – ისევ ერთად უნდა ვიყოთ და ქვეყნის სადიდებლად ერთად ვიღვაწოთ.”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა კობალაძემ.
ფინალურ შეხვედრაში მონაწილე ორივე გუნდს გადაეცათ თასები, დიპლომები და ფულადი ჯილდო: I ადგილზე გასულს 1200 ლარის, ხოლო II ადგილზე გასულს_ 800 ლარის ოდენობით.