ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, თბილისში სპირიდონ კედიას ქუჩაზე, ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის, რომლის სარემონტო სამუშაოებიც ინტენსიურად მიმდინარეობს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვაში დახმარება და ურთიერთთანამშრომლობის საერთო ფორმატის მოძებნა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად იყო ასახული ის ამოცანები და გამოწვევები, რომელიც აღნიშნული ჰოსპიტლის გამართული ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. “ეს ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ის, რაც მნიშვნელოვანი ვეტერანებისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. დღეს, როდესაც საუბარია საქართველოს სამხედროების თავსებადობაზე ნატო-ს სამხედროებთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა სამხედრო პოტენციური ვეტერანია და ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ სახელმწიფო იზრუნებს მათზე აქტიური სამსახურის მერეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს მოტივაციის დაწევას მოქმედ თუ მომავალ სამხედრო მოსამსახურეებში. სწორედ ვეტერანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება ჩვენი საქმიანობა და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ამ ჰოსპიტალის დროული და ხარისხიანი ფუნქციონირება. ჩვენი თხოვნა იქნება, რომ მოვძებნოთ თანამშრომლობის საერთო ფორმატი და კოორდინირებულად, ყველამ ერთად, თქვენი დახმარებით, ეს სურვილი ვაქციოთ რეალობად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლოა ვერ მოვახერხოთ ამ გეგმის გაწერილ ვადებში დასრულება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი დახმარებით ამ ვადებში ჩავეტევით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.”- აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ სიტყვით გამოსვლისას და მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა. შეხვედრას დაესწრნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, თავდაცვის სამინსიტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეკავშირე ოფიცერი თავდაცვის სამინისტროსთან, ჯორჯ ადამსონი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი მედიცინის დარგში, ჯინ უოლენი, უკრაინის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ევგენი ორლოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე, ელჰან იმამვერდიევი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ავთანდილ აბაშიძე, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ლევან ჯუღელი, სსიპ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge