ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 14 ივლისს, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა, მარტვილში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ასევე, დევნილებსა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია 150 ბენეფიციარს.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, გასული წლის 10 აპრილს გაფორმდა. კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.