დღეს, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, შემდგომში კი საპატიო მეთაურის და კასპის რაიონის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა. დღეს მას 58  წელი შეუსრულდებოდა.

ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. საქართველოს მთავრობამ, სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მებრძოლის მშობლიური სოფლის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი. დღეს კი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლის კასპში, გოჩა კობაურის ინიციატივითა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მის მშობლიურ სოფელში, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ მერებაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლეონიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოს წარმომადგენლები, უწყების თანამშრომლები, ტარიელ შარიფაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები, თანამებრძოლები და თანასოფლელები. მათ სამშობლოსთვის გმირულად დაღუპული მებრძოლის ბიუსტი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მოძღვარმა კი მის საფლავზე, სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.