დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კასპის რაიონში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო კვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარეს. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურება გაეწია უწყების 200- მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვალერი ჯაფარიძე, სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი ,შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი და კასპის რაიონის წარმომადგენელი, კობა კობაური. ასევე, კასპის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ მერებაშვილი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება. კარდიოლოგიურ ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები.
- ცხელი ხაზი: 2 48 16 26
- info@veterans.gov.ge