მიმდინარე წლის 11 მაისს, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების 16 წლამდე ასაკის შვილებისა და შვილიშვილებისთვის, უფასო მრავალპროფილური, პედიატრიული გამოკვლევები ჩატარდა. უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც თბილისში რეგისტრირებულმა, ასევე, წალკიდან და მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან სპეციალურად ამ კვლევებისთვის ჩამოყვანილმა ბავშვებმა. მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სამედიცინო მომსახურება გაეწია 80-ზე მეტ ბავშვს და მოზარდს. “დღეს მიმდინარეობს მრავალპროფილური კვლევები, რომელშიც აკადემიური პერსონალი ღებულობს მონაწილეობას. საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.”- განაცხადა „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ პრეზიდენტმა, ქეთი ბარათელმა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ” ქართული ოცნება – ჯანმრთელ მომავალს” შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.