მიმდინარე წლის 14 ივნისს, ვეტერანების საქმეთ სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრს, ირინა ფრიზს და დელეგაციის წევრებს, დაათვალიერებინა თბილისში, კედიას N7-ში მდებარე ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის ახლადგარემონტებული შენობა რომელშიც ამჟამად ტექნიკური აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს. სტუმრებმა, ასევე, მოინახულეს “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საპროტეზო-ორთოპედიული ცენტრი”.
სტუმრებს ჰოსპიტალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჰოსპიტლის უფროსმა, ლევან ჯუღელმა გააცნო. ვლადიმერ იმნაძემ და ირინა ფრიზმა ვრცლად ისაუბრეს იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის შესაბამისი უწყებების წინაშე დგას ვეტერანთა ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და მათი ფსიქორეაბილიტაციის უფრო ეფექტური გზების დასანერგად.
შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორმა, თეა ერისთავმა კი დელეგაციის წევრებს შშმ პირთა საპროტეზო-ორთოპედიული ცენტრი, მათ შორის, პროთეზების საამქრო დაათვალიერებინა და ესაუბრა იმ მიღწევებზე, რაც შშმ პირებს, მათ შორის ვეტერანებს, გადაადგილებას და მოძრაობას მნიშვნელოვნად უადვილებთ. ისაუბრეს, ასევე, იმ შეღავათებზე, რასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია ,,ottobock”-ს და შპს ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრი, ქალბატონი ირინა ფრიზი და მისი პირველი მოადგილე, გრიგორ გალაგანი საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ოფიციალური ვიზიტით 13 ივნისს ესტუმრნენ.