მიმდინარე წლის 17 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს ‘’აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერისკენ.
მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე, მათ შორის, კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, შეღავათიანი პირობებით მოემსახუროს სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს და სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით, ვეტერანებისა და მათი ჯახის წევრებისთვის უზრუნველყოს უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს ‘’აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ მოაწერეს.