მიმდინარე წლის 27 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ვლადიმერ იმნაძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რუსლან აბაშიძეს შორის, უწყებაში საქმიანი შეხვედრა გაიმართა.
ვლადიმერ იმნაძემ სტუმარს სამსახურის სტრუქტურის, მუშაობის სპეციფიკისა და აფხაზეთის მთავრობასთან მუშაობის შესახებ ესაუბრა.
‘’ ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან წლების განმავლობაში ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ერთად ვწყვეტთ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან საკითხს. ჩვენთვის დევნილი ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ ერთი გამოწვევაა, რომლის დაძლევასაც თქვენთან ერთად გავაგრძელებთ. იმედი გვაქვს, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება’’_ განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე. დაისახა სამომავლო, ერთობლივი მოქმედების გეგმები.
უახლოეს მომავალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რაც დევნილი ვეტერანების პრობლემების გადასაწყვეტად, მხარეთა მიერ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას მეტად შეუწყობს ხელს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი.