მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გახსნა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რა დროსაც მოსახლეობამ მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის დადგმა სთხოვა. მემორიალი ეძღვნება ყველა მებრძოლსა და მოქალაქეს, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი, უწყების ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ თოფურია, რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლები, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გიორგი ხოჯევანიშვილი, ვეტერანები, აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.