მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა, რომელსაც სამსახურთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გაწეული სამუშაოსა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და პრეზენტაცია წარმოადგინა ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა და „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის’’ თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ ალავიძემ. მან ვრცლად ისაუბრა იმ საქველმოქმედო აქციებზე, ეკონომიურ თუ სხვა სახის დახმარებებზე, რასაც მისი ორგანიზაცია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
‘’ ავღანეთის ომის მონაწილე ვარ. 1990 წლის 3 მარტს შეიქმნა ‘’ავღანელთა კავშირი”, რომლის ჯერ წევრი და შემდეგ კი კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი სოციალურ საკითხებში. 20 წლის წინ კი უკვე ჩამოვაყალიბე ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდი და ამ წლების განმავლობაში, ფსოუმდე ჩავედი და ყველა ვეტერანის გასაჭირს ადგილზე გავეცანი. შეძლებისდაგვარად დავეხმარე საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით, ტანსაცმლით. როცა შევიტყობდი, რომ რომელიმე რაიონში, სოფელში ვეტერანს უჭირდა და დახმარება სჭირდებოდა, ჩავდიოდით და ვეხმარებოდით; ასეთი, მარტო გასულ წელს, 35 რეგიონი აღმოჩნდა. მე ამდენს ვერ გავაკეთებდი, ვერ შევძლებდი, რომ არა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადგომა, რისთვისაც სამსახურის ხელმძღვანელობას გულწრფელ მადლობას ვუხდი’’_აღნიშნა თავის გამოსვლაში გურამ ალავიძემ.
‘’ ვეტერანთა შესახებ კანონის 22-ე მუხლი ვეტერანების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებას ითვალისწინებს. სახელმწიფომ, ჩვენმა სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც ისინი ვეტერანების სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების გასაუმჯობესებლად წარმოადგენენ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, უნდა ცდილობდნენ, მოიძიონ დონორი ორგანიზაციებიც, რომელთა ფინანსური დახმარებითაც უფრო მეტი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ’.’_ განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ.
შეხვედრაზე „ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის“ წევრებმა, ომისა და თავდაცვის ვეტერანმა მხატვრებმა, ირაკლი ავალიშვილმა, მზევარ იობიძემ, დავით ჭანტურიამ თავიანთი ფერწერული ნამუშევრები წარმოადგინეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, უწყების პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარე, აკაკი ვაშაკიძე, კოალიციის წევრი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.