დღეს ზაზა დამენიას დაბადების დღეა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის
რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ
და ვეტერანებმა, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის
დაღუპულ გმირს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ზაზა დამენია 1972 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ოზურგეთში დაიბადა. 1990-1992 წლებში, ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში სწავლობდა. 2003
წელს, დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი,
სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.
კაპრალი ზაზა დამენია, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში
მსახურობდა. 1993 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში იბრძოდა.
1995 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს
განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის თანამდებობა ეკავა.
2002 წლიდან, ზაზა დამენიამ, სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქი
ქვეითი ბატალიონის, „კომანდოს“ რიგებში გააგრძელა.
2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებასთან ერთად,
„კომანდოს“ ბატალიონი, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა. მოწინააღმდეგესთან
შეიარაღებული დაპირისპირებების დროს, ქართულმა მხარემ, 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა
შორის იყო ზაზა დამენია. 2004 წლის 16 აგვისტოს, ზაზა დამენიამ, საკუთარი სიცოცხლის
ფასად, თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა – კაპრალი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას
სხეულით გადაეფარა და სამი ჯარისკაცი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად, მხედველობა დაუქვეითდა,
თუმცა, კაპრალმა უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და თანამებრძოლების გვერდით, ბრძოლის
ველზე ბოლომდე დარჩა.
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის,
2004 წლის 24 აგვისტოს, ზაზა დამენიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ოზურგეთის სკოლა, სადაც სამშობლოსათვის თავდადებული გმირი, ზაზა დამენია სწავლობდა,
მის სახელს ატარებს.
დიდება გმირებს!