27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა
საომარი დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
ქართული შენაერთები „აფხაზური გვარდიის“ წინააღმდეგობას ოჩამჩირის გარდა, გულრიფშის რაიონსა და სოხუმში წააწყდნენ, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყება მოჰყვა. ომი, რომელიც წელიწადის, ორი თვისა და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. 30 სექტემბერს სეპარატისტულმა ძალებმა და რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები დაიკავეს. ოფიციალური მონაცემებით, ომმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 6 ათასი მკვიდრი იმსხვერპლა, 3-4 ათასი მშვიდობიანი მოსახლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 8-9 ათასი მეომარი კი ბრძოლის ველზე დაიღუპა. აფხაზურ მხარეს რაც შეეხება, დაიღუპა 3 500, დაიჭრა -2 ათასზე მეტი აფხაზი.
აფხაზეთის კონფლიქტი ათწლეულების მანძილზე, ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის პირობებში ჩადებული „ნაღმი“ იყო, რომლის დახმარებითაც რუსეთი ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას და საქართველოსთვის ძირძველი მიწების ჩამოშორებას გეგმავდა. ეს 2008 წლის აგვისტოს ომმაც დაადასტურა, რის შემდეგაც რუსეთმა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. დღესდღეობით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებადაა აღიარებული.