პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ გრძელდება
პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ , რომელსაც „ახალგაზრდული მედიაკავშირი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით ახორციელებს, გრძელდება. პროექტის საზაფხულო ფაზას, ამჯერად, კაჭრეთის ამბასადორმა უმასპინძლა, სადაც თავი მოიყარეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა ბენეფიციარებმა. 30–ზე მეტმა შშმ პირმა,სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანმა, საკუთარი ძალები სპორტის ისეთ ელიტურ სახეობებში გამოსცადეს, როგორებიცაა: მიზანში სროლა, ცხენოსნობა, მინი გოლფი, ბოულინგი და ცურვა. კაჭრეთის ამბასადორის რეკრეაციულ სივრცეში გამართული ღონისძიებები ყველასათვის დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა. ბენეფიციართა უმეტესობამ, პროექტში პირველად მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ოცნებებიც აისრულა.
მინიგოლფში კენჭისყრის პრინციპით შემდგარმა 6 კაციანმა გუნდმა გაიმარჯვა, რომელთა შორისაც იყვნენ ზუგდიდელი ვეტერანი პაპუნა სხულუხია, სამშვიდობო მისიაში დაჭრილი გორელი გიორგი მოდებაძე, ეტლით მოსარგებლე პარასპორტსმენი, ირმა ზვერიაშვილი, გორელი შშმ პირი ლევან მახათაძე, სამშვიდობო მისიაში დაჭრილი ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრი 2 ჯარისკაცი_ ნაომი გოგიბერიძე და გელა ხელაძე, ასევე, თბილისელი ბენეფიციარი თამაზ მჭედლიშვილი. მინიგოლფის გამარჯვებული, ინდივიდუალურ დისციპლინაში, გახდა სამშვიდობო მისიაში დაჭრილი გიორგი მოდებაძე, რომელმაც კაჭრეთის გარდამავალი თასი ერთი წლით გორში წაიღო.
რაც შეეხება ბოულინგის ჩემპიონატს_ კაჭრეთის თასზე აქაც გორის ოთხეულმა იყოჩაღა და გამარჯვებაც მოიპოვა. გარდამავალი თასი გორის შშმ პირთა ცენტრისა და სამშვიდობო მისიაში დაჭრილ ჯარისკაცს ხვდათ წილად.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დისციპლინებში. პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცათ პრიზები, დიპლომები, მედლები და გარდამავალი თასები.
წლის განმავლობაში, პროექტის გენერალური სპონსორია პლატფორმა ინიციატივა, ხოლოსპონსორები გახლავთ კომპანია სოკარი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილ 30 აქტივობაში, წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 500–ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული, რითაც ხელი ეწყობა გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.