30 წელი კამანის ტრაგედიიდან
დღეს 30 წელი შესრულდა აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან.
აფხაზურმა მხარემ, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთის რეგულარული არმიის მებრძოლები, ჩრდილო-კავკასიელი ბოევიკები და კაზაკები შედიოდნენ, 2 ივლისს, ტამიშში, დესანტის გადმოსხმის და 1993 წლის 5 ივლისს, გუმისთაზე შეტევის შემდეგ, დაიკავეს სოფელი კამანი, რომელიც ცნობილი იყო წმ. ვასილისკოს სახელობის მონასტრით. სვანებმა, რომლებიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდნენ, 1992 წლის აგვისტოში, ომის დაწყებისთანავე შექმნეს მცირერიცხოვანი საბრძოლო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ზაზა პაკელიანი ჩაუდგა. იმ პერიოდისთვის 23-ე ბრიგადა არ არსებობდა, კამანის მებრძოლთა ჯგუფი, ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის მზვერავთა ასეულში ირიცხებოდა, შემდგომ კი 23-ე ბრიგადის მე-8-ე ბატალიონის მესამე ასეულად ჩამოყალიბდა.
კამანელებისთვის, 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა, მოულოდნელი არ ყოფილა. წინა დღეს, მტრის დესანტმა, სოფელ ახალშენსა და „ზეგანის“ მთაზე განახორციელა შეტევა. ახალშენი აიღეს, „ზეგან“-ში დესანტი გადმოსხეს, მაგრამ ძლიერი წინააღმდეგობის გამო, დამატებითი ძალები არ დაახმარეს. ქართველებმა, ერთი ვერტმფრენი იმ დროს ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთ-ერთი მებრძოლი, კამანელებმა, ტყვედ აიყვანეს. მისგან მიწოდებული ინფორმაციით გაირკვა, რომ ზემო ეშერაში განლაგებული იყო გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500 კაციანი რაზმი, რომელიც მეორე დღეს, 5 ივლისს, სამად დაიყოფოდა და მასშტაბური იერიშით აიღებდა კამანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდა პოზიციებს. შრომა მაღლობზეა და შრომის აღების შემდეგ, სოხუმის აღება, ძალიან ადვილი გახდებოდა.
ამ ვითარებაში, კამანელებისთვის სოფელში დარჩენა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა, არც ერთ მათგანს უფიქრია გაქცევა, პირიქით, მებრძოლებს მათი მეუღლეები, დები გვერდით დაუდგნენ და ბრძოლაში მათ ტოლს არ უდებდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სვანი ქალბატონის, მერი პაკელიანის გმირობა, რომელმაც ტყვედ ჩავარდნას, სიკვდილი არჩია_ტაძრის ეზოში გახსნა ხელყუმბარა, თავი აიფეთქა და თან 4 ბოევიკიც გამოასალმა სიცოცხლეს.
სამშობლოს შესწირა სიცოცხლე 22 წლის სვანმა ვაჟკაცმა, ზურაბ გურჩიანმა, რომელმაც, მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, არ დატოვა ბრძოლის ველი: ‘’ისე მოიქეცი, ომში კი არა, სადმე, ლხინში გეგულებოდეს ჩემი თავი…ვინც ამ ომს გაექცა, ლაჩრებად მოინათლნენ. მე არ მინდოდა ლაჩარი მრქმეოდა. არც შენ გაგეხარდება, ვიცი, ლაჩარი შვილის ყოლა. ჰოდა, მოხრილად კი არა, წელში გამართული უნდა დადიოდე,’’_ფრონტის წინა ხაზიდან სწერდა მამას ზურაბ გურჩიანი…
მტერმა არც მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი) დაინდო; მტრის კითხვაზე_ვისია ეს მიწაო, ბერმა უპასუხა: ‘’ეს მიწა ღვთისააო’’, რის გამოც, იგი, ეკლესიის ეზოში სიცოცხლეს გამოასალმეს! მათ არც მონასტრის აღმდგენი, ეროვნებით აფხაზი, სამაგალითო მამულიშვილი, იური (გიორგი) ანუა დაინდეს და დახვრიტეს._
თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საკუთარი სოფლის შენარჩუნება, კამანელებმა, ვერ შესძლეს; აფხაზებმა, სოფელში გადარჩენილი ქართველები, ტყვედ აიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ, განსაკუთრებით ვლადიმერ კახიანს, ვალო ჩხეტიანს და სერგო მუშკუდიანს,რომელთაც საკუთარი საფლავები თავად გაათხრევინეს. მტერმა არც ის მოხუცი ბერძენი დაინდო, რომელმაც ზაზა პაკელიანის ცხედარი საკუთარ ეზოში დაკრძალა. დღემდე არაა ნაპოვნი თამაზ ჩხეტიანის ცხედარი! აფხაზების თქმით, ერთ-ერთ სახლიდან, მთელი დღის განმავლობაში ისროდა ვიღაც, სანამ ის სახლიც არ ააფეთქეს.
კამანში დაღუპული გმირები:
მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი)
იური (გიორგი) ანუა
ზაზა პაკელიანი
მერი პაკელიანი
ავთო კახიანი
ვლადიმერ კახიანი
ელგუჯა გვიჩიანი
ადამ(ედიკა) გვიჩიანი
გოგი გურჩიანი
ზურაბ გურჩიანი
მალხაზ კახიანი
ალექსანდრე გამსახურდია
ვალო ჩხეტიანი
ეგნატე კვიციანი
ზური გიორბელიძე
ჩხეტიანი მერაბი
მურთაზ ჩხეტიანი
ინდიკო ჩხეტიანი
რევაზ კვანჭიანი
შოთა კვანჭიანი
გუნდიერ გულედანი
გენადი გადრანი
თამაზ ჩხეტიანი
ანზორ სუბელიანი.
დიდება გმირებს!