საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, გენო ადამიას საფლავი თაიგულით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა. გენო ადამია 1990-იან წლებში იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინა ეროვნული გვარდიის 23-ე ბრიგადის ფორმირებაში.
1993 წელს, გენო ადამიას, გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომში, მასთან ერთად, მისი ორი ვაჟი- გოჩა და ელგუჯა მონაწილეობდნენ. გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.
1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
2020 წლის 22 სექტემბერს, გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.