კობა კობალაძეს, გიორგი ვოლსკის, რუსლან აბაშიძეს, ანზორ მარგიანს და დავით ფაცაციას მადლობის სიგელები გადაეცათ
არასამთავრობო ორგანიზაციის, ‘’საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების’’ დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ნიკოლოზ ქარჩავამ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიორგი ვოლსკის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეს, რუსლან აბაშიძეს, თავმჯდომარის მოადგილეს, ანზორ მარგიანს და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, დავით ფაცაციას ვეტერანების მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’ საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრები’’ (American Friends of Georgian Veterans) ამერიკის შეერთებულ შტატებში, აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ამერიკისა და საქართველოს მოქალაქემ, უფლებადამცველმა ნიკოლოზ ქარჩავამ, ამერიკაში ემიგრაციაში წასვლის შემდგომ დააფუძნა; 2021 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაცია, ‘’საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრებს ’’ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც, მიზნად ისახავს ქართველ და ამერიკელ ვეტერანებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამების ერთობლივ შემუშავებასა და განხორციელებას.
” მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და აფხაზეთის მთავრობას, ვეტერანების მიმართ გამოჩენილი ზრუნვისთვის და თანადგომისთვის. ამ მცირე დროში, ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, იმ სოციალური, ჯანდაცვის, განათლების და სხვადასხვა პროგრამების პრეზენტაციისას, რომელიც საქართველოში ვეტერანებისთვის ხორციელდება, ამერიკული მხარე, ერთის მხრივ გაკვირვებას და მეორეს მხრივ, კმაყოფილებას და მოწონებას გამოხატავდა. იმ რესურსით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ნამდვილად დასაფასებელია ის ნაბიჯები, რაც ვეტერანების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადაიდგა. ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს სხვადასხვა, ერთობლივ პროექტებში და ღონისძიებებში.” – განაცხადა, პრეზიდენტმა ნიკოლოზ ქარჩავამ.
კობა კობალაძემ, სამადლობელი სიგელი გადასცა, ასევე, ნიკოლოზ ქარჩავას და მადლობა გადაუხადა ვეტერანების მიმართ გამოხატული ყურადღებისთვის და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე და სხვადასხვა, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.