პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საგაზაფხულო ფაზა ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატით დაიწყო
ბოულინგის ადაპტირებულ დარბაზში ბოულინგის ინტეგრირებული ჩემპიონატი – 2024 გაიმართა და აფხაზეთის ომის გმირის თემო სახოკიას სახელობის გარდამავალი თასი გათამაშდა.
საქართველოს პირველობაზე გამართულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, შშმ ქალებმა და მამაკაცებმა თბილისიდან, ქუთაისიდან, გორიდან, მარნეულიდან, ვანიდან, ყვარლიდან და საგარეჯოდან.
მონაწილეები ერთმანეთს გუნდურ და ინდივიდუალურ დისციპლინებში გაეჯიბრნენ. გამოვლინდა გამარჯვებული ხუთეული. პირველი ადგილი გუნდურ შეჯიბრებაში თემურ სახოკიას შვილმა, ლუკა სახოკიამ, ომის ვეტერანმა საგარეჯოდან გიორგი ჩაფიძემ, მცირემხედველმა რუსთავიდან გიორგი კასრაძემ, ქუთაისელმა შშმ პირმა ვახტანგ ახობაძემ და პროექტის მხარდამჭერმა, თბილისელმა მერი კორღალიძემ მოიპოვეს. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, დიპლომები, მედლები და გარდამავალი თასი გადაეცათ.
ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო ქუთაისელმა ომის ვეტერანმა, დავით ახრახაძემ, რომელმაც ყველა მონაწილეს აჯობა და საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ღონისძიება გაიმართა „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, გენერალური სპონსორი „აჭარაბეთი“, სპონსორი კომპანია „სოკარი“ მხარდამჭერები ქუთაისის, გორისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიები. პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას. პროექტის პარტნიორები: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.