კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მეომრის ხსოვნას პატივი მიაგო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე_ ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, თბილისში, წმ. სამების სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, ნიკოლოზ ახვლედიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მათ, გარდაცვლილი მეომრის ოჯახს მიუსამძიმრეს და ბრძოლის ველზე დაცემული თანამემამულის ხსოვნას პატივი მიაგეს.
42 წლის ქართველი მოხალისე, ნიკოლოზ ახვლედიანი, უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში იბრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი, დროებით ანექსირებული ბახმუტიდან 7 კმ-ით მოშორებულ სოფელ კლიშიივკაში, უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად, წინა ხაზზე, საბრძოლო დავალების შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც, 23 აგვისტოს, დაბომბვაში მოჰყვა; მისი სიცოცხლე, ჭურვმა იმსხვერპლა.
ნიკოლოზ ახვლედიანს, დღეს, სოფელ გლდანის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, 2 სექტემბერს, ასევე, ბოლნისშიც იმყოფებოდა, სადაც უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველის, ალექსანდრე ხუსკივაძის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა და დაღუპული მეომრის ხსოვნას პატივი მიაგო. ალექსანდრე ხუსკივაძე, უკრაინაში, ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა, მათ შორის_ცხელ წერტილებში: იზიუმში, სოლედარსა და ბახმუტში. 33 წლის სამხედრო, კიევში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ალექსანდრე ხუსკივაძე, 2 სექტემბერს, ბოლნისში, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულ სამხედრო აგრესიას, 53 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.