ლანჩხუთში გაიმართა მერაბ კუპრეიშვილის მემორიალური ტურნირი მინი ფეხბურთში
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს ორგანიზებით და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მერაბ კუპრეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში.
ტურნირში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 6 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს, პირველი და მესამე საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება კი, პირველი სკოლის გუნდმა მოიპოვა.
ტურნირს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, გელა ბაქანიძე, ელგუჯა ჩხეიძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამარჯვებულ გუნდს და საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
მერაბ კუპრეიშვილი 1993 წელს, ტამიშში, რუსულ დესანტთან შეტაკების დროს დაიღუპა.
მერაბ კუპრეიშვილის მემორიალური ტურნირი წელს დაარსდა და ყოველწლიურად ჩატარდება.