დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა
მიმდინარე წლის 2 დეკემბერს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ტრადიციული გალა-ვახშამი გაიმართა. საქმიანობის წლიური ანგარიში, საზოგადოებას, ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა წარუდგინა.
ღონისძიებაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები, სამხედრო ატაშეები, დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წევრები, სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები, ბიზნესმენები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფონდი, რომელიც კომპანია სილქნეტმა დააარსა, 2018 წლიდან მხარში უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, 2008 წლის ომების ვეტერანებს, ასევე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და სამშობლოს მთლიანობისათვის ბრძოლას ჯანმრთელობა შესწირეს.
2023 წელს, ფონდის შემოწირულობამ, 587 000 ლარი შეადგინა, საიდანაც 60 ბენეფიციარმა მიიღო დაფინანსება: საზღვარგარეთ მკურნალობის, პროთეზირების, სამედიცინო კვლევების, მედიკამენტებისა და სარეაბილიტაციო კურსებისთვის. ფონდმა, ასევე, გამოყო სახსრები ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილებისა და მეუღლეების მხარდასაჭერად.
ფონდის მთავარი დონორი კომპანია Silknet – სილქნეტია, რომელიც, ყოველწლიურად, 300 000 ლარით მონაწილეობს დონაციაში. ფონდის დაარსებიდან დღემდე, ორი მილიონ ხუთასი ათას ლარამდე თანხა მოხმარდა ბენეფიციართა საჭიროებებს, საიდანაც მილიონ ლარზე მეტი სილქნეტის კონტრიბუციაა.