პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საგაზაფხულო ფაზა გრძელდება

Posted by nona shamatava

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში 4 დღიანი სპორტული შეკრება მოეწყო. საქართველოს ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის დახმარებით წყვილთა შორის მშვილდოსნობის ჩემპიონატი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებმა ომის ვეტერანებმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, ასევე, თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტებიდან შშმ ქალებმა და ონკოსაზოგადოების, კერძოდ, ევროპადონას ბენეფიციარებმა -.

აქტივობა წელს მეორედ გაიმართა და როგორც მონაწილეთა ,ასევე, შშმ თუ ომის ვეტერანთა თემებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩემპიონატში წარმოდგენილი იყო 15 წყვილი. წყვილში ერთი ქალი და ერთი მამაკაცი ასპარეზობდა.

შეჯიბრებამ აზარტულ ვითარებაში ჩაიარა, რომელიც რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. გამოვლინდა 3 გამარჯვებული წყვილი. პირველი ადგილი და გარდამავალი თასის მფლობელები გახდნენ ეტლით მოსარგებლე ირმა ზვერიაშვილი და ომის ვეტერანი, ასევე სამშვიდობო მისიაში დაჭრილი პაატა როსტობაია. მეორე ადგილი არავის დაუთმო გორის მერიის გუნდის წევრმა ჟუჟუნა ბრეგვაძემ და ომის ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ, ხოლო მესამე ადგილოსნები გახდნენ თბილისელი ნინო გამეზარდაშვილი და გორში მცხოვრები ომის ვეტერანი და სამშვიდობო მისიაში დაჭრილი პაპუნა სხულუხია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მონაწილეთა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ბენეფიციარები. მშვილდოსნობის ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 73 წლის ქალბატონია, რომელმაც ტოლი არ დაუდო სხვა მონაწილეებს და საკუთარი ძალები და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია და მონაწილეები მადლობას უხდიან თბილისისა და გორის მუნიციპალიტეტების მერიებს, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თანადაფინანსებისათვის, ასევე, პროექტის გენერალურ მხარდამჭერ „აჭარაბეთსა“ და სპონსორ „სოკარს“ , რომლებიც შშმ პირებს, ომის ვეტერანებს, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებს აქტიურ ცხოვრებაში დარჩენის მოტივაციის ამაღლების, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა თუ საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის საშუალებას აძლევენ.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.