ვეტერანებმა უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ხსოვნას პატივი მიაგეს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ა(ა)იპ “ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ოჯახს მიუსამძიმრეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
48 წლის ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია, რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან დევნილია. იგი გამოცდილი მეომარი იყო. მონაწილეობდა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. თენგიზ ჭანია, უკრაინაში, ომის დაწყების პირველივე დღიდან წავიდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების „აზოვის“ პოლკის შემადგენლობაში ირიცხებოდა და როგორც გამოცდილი მებრძოლი, ძირითადად, ომის წინა ხაზზე იყო. თენგიზ ჭანია, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. მისი ცხედრის გამოტანა თანამებრძოლებმა ადგილზე მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო, მხოლოდ სამი დღის შემდეგ, 25 მარტს, შეძლეს. სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენეს.
თენგიზ ჭანიას, 9 აპრილს, განმუხურში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს.
პირველივე დღეებიდან, უკრაინაში, რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. დღემდე, რუსულ საოკუპაციო ძალებთან ბრძოლას, უკრაინაში, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.