კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა და სამსახურის წარმომადგენლებმა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების, ირაკლი ქურციკიძისა და ნიკოლოზ გელენიძის ოჯახებს მიუსამძიმრეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ქურციკიძე შეტევითი ოპერაციის დროს, 12 ნოემბერს, სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა. ის უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.
ქართველი მებრძოლი – 31 წლის ნიკოლოზ გელენიძე კი, რომელიც ბახმუტში, დანაყოფ „თბილისის“ რიგებში იბრძოდა და 15 ნოემბერს, საარტილერიო დაბომბვას შეეწირა. ქართველი სამხედრო უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ, სექტემბრიდან იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ქართველი მოხალისეებიც იბრძვიან. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში, დაღუპულია 50-ზე მეტი ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.