გურჯაანში, აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის, ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპული მეომრის, ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.

ასპარეზობაში მონაწილეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6, თელავის 1 და თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდები იღებდნენ. ტურნირში პირველობა თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილზე სოფელ კალაურის გუნდი გავიდა, ხოლო, მესამე ადგილზე სოფელ ბაკურციხის გუნდი.

ტურნირის მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ გადასცა. შეჯიბრებას, ასევე, ესწრებოდნენ, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლები.

უფროსი ლეიტენანტი ალექსი ნატროშვილი 1978 წელს, რუსთავში დაიბადა. იზრდებოდა და სკოლა დაამთავრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში (მაშინდელი სოფელი შრომა). თელავის უნივერსიტეტის ისტორიის და სამართლის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სამხედრო აკადემიაში ჩააბარა და ერთწლიანი კურსი გაიარა; მსახურობდა თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადაში ასმეთაურად. გმირულად დაიღუპა 9 აგვისტოს, ცხინვალში. ალექსი ნატროშვილი (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველ წელს ტარდება.