ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია, ქობულეთში ჩაატარა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, მე-14-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 112-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 60 ვეტერანი, ხოლო, 52_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; აქციის ფარგლებში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 224 სათვალე.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი; 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 14 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1504 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 2211 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.