ბოლნისში, აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ტურნირი გაიმართა
ბოლნისის ძიუდოს სკოლის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით, ბოლნისის ჭიდაობის სასახლეში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლის, საბა დადვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 15 წლამდე ასაკის ვაჟებსა და გოგონებს შორის. ტურნირმა 30 სექტემბერს აიღო სტარტი და 1 ოქტომბერს დასრულდა. შეჯიბრი, ვაჟებში 11 წონით კატეგორიაში, ხოლო გოგონებში _9 წონით კატეგორიაში გაიმართა. ტურნირში, სულ, 300-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სპეციალური სიგელები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, ამავე დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან გოგოლაურმა და უწყების მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა, გია ედილაშვილმა გადასცეს.
აგვისტოს ომის გმირის, საბა დადვანის სახელობის ტურნირი ძიუდოში, 2009 წელს, მისი მწვრთნელის, შერმადინ დადვანის ინიციატივით დაარსდა; საბა ბავშვობიდან ჭიდაობა ძიუდოთი იყო გატაცებული და ამავე დარბაზში ვარჯიშობდა. საბა დადვანის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიიდან იყო; იგი ვაზიანის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. წოდებით კაპრალი, 18 წლის სნაიპერი, ცხინვალში, რუსულმა ჭურვმა იმსხვერპლა; იგი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გმირია. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. 2019 წელს, ქუჩას ტანძიაში, სადაც საბა გაიზარდა, მისი სახელი მიენიჭა.