27 წელი კამანის ტრაგედიიდან
27 წლის წინ, აფხაზეთში, სოფელ კამანში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. აფხაზურმა რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაშიც რუსი ბოევიკები და კაზაკები შედიოდნენ, 2 ივლისს, ტამიშში დესანტის გადმოსხმის და 1993 წლის 5 ივლისს, გუმისთაზე შეტევის შემდეგ, დაიკავეს მაღალმთიანი სოფელი კამანი, რომელიც ცნობილი იყო წმ. ვასილისკოს სახელობის მონასტრით. სოფელში,ძირითადად, სვანები სახლობდნენ, რომელთაც 1992 წლის აგვისტოში, ომის დაწყებისთანავე შექმნეს მცირერიცხოვანი საბრძოლო ჯგუფი, რომელსაც სათავეში ზაზა პაკელიანი ჩაუდგა. იმ პერიოდისთვის 23-ე ბრიგადა არ არსებობდა, კამანის მებრძოლთა ჯგუფი ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონის მზვერავთა ასეულში ირიცხებოდა. შემდგომ კი 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიონის მესამე ასეულად ჩამოყალიბდა.
1993 წლის 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. წინა დღეს, მტრის დესანტმა სოფელ ახალშენსა და „ზეგანის“ მთაზე შეტევა განახორციელა. ახალშენი აიღეს, „ზეგან“-ში დესანტი დასხეს; მედგრად ებრძოდნენ მტერს კამანელები. ქართველებმა ერთი ვერტმფრენი იმ დროს ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთ-ერთი მებრძოლი კამანელებმა ტყვედ აიყვანეს. კამანელებმა მისგან შეიტყვეს, რომ ზემო ეშერაში განლაგებული იყო გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500 კაციანი რაზმი, რომელიც მეორე დღეს, 5 ივლისს, სამად დაიყოფოდა და მასშტაბური იერიშით აიღებდა კამანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდა პოზიციებს. შრომა მაღლობზეა და შრომის აღების შემდეგ, სოხუმის აღება უფრო ადვილი გახდებოდა.
ამ ვითარებაში, კამანელებისთვის სოფელში დარჩენა სიკვდილის ტოლფასი იყო, თუმცა, არც ერთ მათგანს უფიქრია გაქცევა, პირიქით, მებრძოლებს მათი მეუღლეები, დები გვერდით დაუდგნენ და ბრძოლაში მათ ტოლს არ უდებდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია კამანელი მერი პაკელიანის გმირობის ამბავი_ როცა სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ქალს, მდევარმა გზა გადაუღობა, ტყვეობას სიკვდილი არჩია_მან ხელყუმბარა გახსნა… აფეთქებას მერის გარდა, ოთხი ბოევიკის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, კამანელებმა სოფლის შენარჩუნება ვერ შესძლეს. კამანელ მეომართა უმეტესობა მტერთან უთანასწორო ბრძოლას შეეწირა, გადარჩენილები კი ტყვედ აიყვანეს და მოგვიანებით დახვრიტეს. მტერმა არც მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია (ყურაშვილი) დაინდო; მტრის კითხვაზე_ვისია ეს მიწაო, რომელზედაც აფხაზები ელოდნენ პასუხს_ქართველებისო, მამაომ უპასუხა: ეს მიწა ღვთისააო’’, რის გამოც იგი ეკლესიის ეზოში სიცოცხლეს გამოასალმეს! მათ არც მონასტრის აღმდგენი, ეროვნებით აფხაზი, სამაგალითო მამულიშვილი, იური (გიორგი) ანუა დაინდეს_კონდახის ცემით გამოიყვანეს ტაძრიდან და სადღაც წაიყვანეს; მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ანუას ოჯახიც_მეუღლე, დღეს უკვე მონაზონი მარიამი და ქალიშვილი მანანა, ტყვეობაში ჰყავდათ, ამავე ეკლესიაში. რამოდენიმე თვის შემდეგ, მათ უკვე თბილისში შეიტყვეს, რომ ანუა დაუხვრეტიათ.
ზაზა პაკელიანის ცხედარი ბერძენ მოხუც ცოლ-ქმარს უნახავს და თავიანთ ეზოში დაუსაფლავებიათ, რის გამოც აფხაზებმა მოხუცი კაციც დახვრიტეს…
ესაა კამანელი გმირების ისტორია!
დიდება გმირებს!