მემორანდუმი ა(ა)იპ ,,ვეტერანთა კავშირ დიოსკურიასთან”
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ,,ვეტერანთა კავშირ დიოსკურიას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, მხარეთა თანამშრომლობა ვეტერანთა პოტენციალის, ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი გამოვლენისა და განვითარებისთვის; მათი ჩართვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში;
ვეტერანთა კავშირ ”დიოსკურიაში” გაერთიანებულნი არიან რესტავრატორები, ლანდშაფტური დიზაინის, არქიტექტურის, ანიმაციის, რეკლამის, სახალხო რეწვის, კონფლიქტოლოგიის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და სხვა დარგების სპეციალისტები; ”საქართველოს ავღანეთის ვეტერანთა კავშირის” ბაზაზე, კავშირმა შექმნა მრავალპროფილიანი სახელოსნო, რომელსაც შეუძლია, აწარმოოს მრავალფეროვანი პროდუქცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით; სახელოსნო, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ომის მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას, ვეტერანების ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას; კავშირი, ასევე,მზადაა, ჩაერთოს სახალხო დიპლომატიაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების მიზნით;
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და ა(ა)იპ ,,ვეტერანთა კავშირ დიოსკურიას’’ დირექტორმა, დავით ჭანტურიამ.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.