ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქველმოქმედო ფონდებთან REGI BASE და REGI BASE GEORGIA
მიმდინარე წლის 1 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, წეროვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში, ჩეხური საქველმოქმედო ფონდის ‘’REGI Base’’ -ის დამფუძნებელს, ჰინეკ ჩეხსა და საქართველოში ამ ფონდის წარმომადგენლობის, REGI Base Georgia-ს პრეზიდენტს, მიხეილ ტარახჩევს შეხვდა.
მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობისა და მხარდაჭერის სამმხრივი მემორადუმი, რომელიც მიზნად ისახავს, ჩეხეთისა და ევროკავშირის ქვეყნების სამედიცინო, სარეაბილიტაციო ცენტრებსა და კურორტებზე, სამსახურის ბენეფიციართა სრულ, სამედიცინო და სარეაბილიტაციო დახმარებას, სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებას. როგორც ჩეხმა სტუმრებმა აღნიშნეს, ისინი აფასებენ ქართველი ჯარისკაცების წვლილს საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში, აცნობიერებენ ამ მისიებში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობას და ამიტომ გამოთქვამენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ღრმა და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზადყოფნას. საპილოტე პროგრამის სახით, უახლოეს მომავალში, საქართველოდან ერთი ვეტერანი და თავდაცვის სამინისტროს ერთი მოქმედი ოფიცერი, ჩეხეთში გაემგზავრება, რომლის ერთთვიან სარეაბილიტაციო კურსს, მთლიანად ფონდი უზრუნველყოფს. სასტუმროს ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, პროფესიონალი ექიმებით, ფიზიოთერაპევტებით, ოკუპაციური თერაპევტებითა და მასაჟისტებით. გარდა ამისა, ორგანიზაცია, აქტიურად მუშაობს საზოგადოებაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხითაც.
მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ფონდ „REGI BASE’’-ის დამფუძნებელმა, ჰინეკ ჩეხმა და ფონდ „REGI BASE GEORGIA”-ის პრეზიდენტმა, მიხეილ ტარახჩევმა მოაწერეს. მემორანდუმი ძალაში შედის სამივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან დამოქმედებს ორი წლის ვადით.
მოგვიანებით, სტუმრებმა, კობა კობალაძესთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქველმოქმედო ფონდი „REGI BASE ‘’ ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი დაარსების ინიციატორი, ელიტარული სპეც- დანიშნულების განყოფილების გამოცდილი მებრძოლი, ირჟი შამსი, იგივე “REGI„ შამსი გახლდათ, რომელიც 2008 წლის 17 მარტს, ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებული ბომბის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებების გამო, ექვსი თვის განმავლობაში, უგონოდ იწვა. მისი ინიციატივით შექმნილი ამ ფონდის წყალობით, მან შესძლო, რეაბილიტაციის კურსის გავლა, თუმცა, 2015 წლის იანვარში, ირჟი შამსი განუკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა კი, აგრძელებს მუშაობას და მსოფლიო მასშტაბით, ომის ვეტერანებს, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებულ და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაშავებულ პირებს, გამოჯანმრთელებასა და რეაბილიტაციის გავლაში ეხმარება. ‘’REGI BASE GEORGIA’’ კი, ფონდის ინიციატივით, გასულ წელს, საქართველოში დაფუძნდა. ჩეხი სტუმრები, გუშინ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში იმყოფებოდნენ,გაეცნენ უწყების სტრუქტურას, მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციულ მოწყობას, ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამსახურისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ და სამომავლო პროექტებს და იმ გამოწვევებს გაეცნენ, რომლებიც სამსახურისა და მისი ბენეფიციარების წინაშე დგას.
როგორც ჩეხურმა მხარემ განაცხადა, REGI BASE -ს სურვილი აქვს, საქართველოში ააშენოს რობოტიზირებული ტექნოლოგიებისა და დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდების მქონე, თავის ტვინის დაზიანებებზე სპეციალიზებული კლინიკა.