2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი
მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, სპორტ-კომპლექს “იმედის” სტადიონზე ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ფინალურ მატჩში, ერთმანეთს, თბილისის „თბილისი“ და ბათუმის ‘’აჭარა’’ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით, 2:1 დამთავრდა.
გამარჯვებულ გუნდს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული, გარდამავალი თასი გადაეცა. წლევანდელი ტურნირის ჩემპიონ და მონაწილე გუნდებს, თასები და მედლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლის, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ვაჟმა, ლევან ანწუხელიძემ და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის შვილებმა_ გაგა და ზაზა სოფრომაძეებმა გადასცეს.
ტურნირში მონაწილეობას სულ 5 გუნდი იღებდა: თბილისის, „თბილისი“, ზესტაფონის „მარგვეთი“, ბათუმის „აჭარა“, გორის „დილა“ და ზუგდიდის „ოდიში“. გუნდების შემადგენლობაში არიან როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომების ვეტერანები, ასევე, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჯარისკაცები.
2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და წელს მეექვსედ ჩატარდა.