ბაბუშერას ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
დღეს ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულებს იხსენებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, უწყების წარმომადგენლებთან და დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, 28 წლის წინ, ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა მემორიალი და მათი საფლავები გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო.
„დღევანდელ დღეს არის ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებული თვითმფრინავის შედეგად გარდაცვლილი ჩვენი გმირების და მეომრების ხსოვნის დღე.მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის რეგულარული ჯარები უტევდნენ, მთელი საჰაერო სივრცე გადაკეტილი იყო, ამ კაცებმა და გოგონებმა მაინც მიიღეს გადაწყვეტილება, დახმარებოდნენ თავიანთ თანამებრძოლებს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩართულიყვნენ. მოხდა ის, რაც მოხდა, ჩვენი ქვეყანა სანთლებად დაინთებს მათ ხსოვნას. ამ თვითმფრინავიდან 16 მეომარი არის გადარჩენილი, მათ ვუსურვებ გამძლეობას და სიძლიერეს,“ -აღნიშნა კობა კობალაძემ.
1993 წელს 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მეომრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, სამედიცინო მუშაკები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტში დაესვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ავიალაინერში მყოფი 100-ზე მეტი მგზავრიდან, მხოლოდ 16 გადარჩა, დანარჩენი კი _დაიღუპა. მათი ცხედრები აეროპორტთან ახლოს დაკრძალეს.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბაბუშერას სამარხიდან, ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა _ 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომში, უგზო -უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა, ცხედრების იდენტიფიცირება და გადმოსვენება.
გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა იდენტიფიცირებისა და მათი გადმოსვენებისათვის, სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა კვლავ გრძელდება.