თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელობის მემორიალი გაიხსნა
მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე უწყების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში, მ.თამარაშვილის ქუჩის გამყოფ ზოლზე არსებულ სკვერში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ქ. თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის მემორიალის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. აღნიშნული მემორიალი, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის, მათი ოჯახების მხარდაჭერის და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ინიციატივით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთობლივი ძალისხმევითა და ფინანსური მხარდაჭერით დამზადდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და შეკრებილთ სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, საქართველოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სევერინ შაპაზიმ, თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ. მოწვეულ სტუმართა შორის, ასევე, იყვნენ ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, გოგი ფაცაცია, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი), რომელმაც მემორიალი აკურთხა. მემორიალის შექმნაში გაწეული ძალისხმევისთვის, სტუმრებს მადლობა გადაუხადეს ფონდ,,მოლოდინის“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ნინელი ანდრიაძემ, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების დედებმა. ფონდი ‘’მოლოდინი’’საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვისა და ასევე, მათი სახელების ხსოვნისა და უკვდავყოფის მიზნით, 1993 წლის 14 დეკემბერს შეიქმნა.
საქართველოში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, 2345 სამხედრო და სამოქალაქო პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა; მათი ოჯახები, ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო, გაურკვეველ ვითარებაში, მრავალი წლის მანძილზე იმყოფებიან.
2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი_ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე – 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, 589 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 211 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის, ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი, მუშაობას, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.