ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ, ჩაფიძის გულის ცენტრთან მემორანდუმი ხუთი წლით გაგრძელდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ 5 წლით გაგრძელდა. მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, რევაზ ჯორბენაძემ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად განახლდებოდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 126 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა. გულის ცენტრის მედპერსონალმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 382 ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური კარდიოლოგიური მომსახურება, რისთვისაც უწყება მათ მადლობას უხდის.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვლავაც გაგრძელდება, რომელთა შესახებაც უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია, წინასწარ მიეწოდებათ.