დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება
დღეს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის, მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა.
უახლესი მონაცემებით, დღეს, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 მონაწილეა დარჩენილი, რომელთა უმრავლესობის ასაკიც, საუკუნეს ითვლის, ან საუკუნეზე მეტია; მათგან ყველაზე უხუცესი, ზესტაფონის მკვიდრი, ალექსანდრე ბუსკივაძეა, რომელსაც მიმდინარე წლის 1 ივლისს, 104 წელი შეუსრულდება, ხოლო ყველაზე უმცროსი_ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე, 84 წლის სვეტლანა ეფიმოვაა. ყველაზე უხუცესი ვეტერანი ქალბატონი კი, სამხედრო ექიმი, თბილისის მკვიდრი, 103 წლის მერი მაღრაძე გახლავთ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 1000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ( მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და ბავშვობიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი )_ 500 ლარს.
ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები_ ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბრია, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები.
მეორე მსოფლიო ომი, ფაშისტურ გერმანიას, მის მოკავშირეებსა და დანარჩენ სამყაროს შორის, 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან, 20 მილიონი _ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ომში, 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი _ 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. მეორე მსოფლიო ომი, ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი.
ფაშისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი, 1941 წლის 21 ივნისს დაიწყო. საქართველოდან, ამ ომში, 700 000 – მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000-ზე მეტი კი, ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა; მათ შორის, ბევრია უგზო-უკვლოდ დაკარგულიც; ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საქართველომ, პროცენტულად, ფაშიზმის დასამარცხებლად, ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო; ყველაზე მეტი – 120 ათასი ქართველი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა.
მეორე მსოფლიო ომი, 1945 წლის 8 მაისს დასრულდა. მოკავშირეებმა ფაშისტური გერმანია დაამარცხეს. საომარი მდგომარეობა, ევროპაში, 1945 წლის 8 მაისს (მოსკოვის დროით 9 მაისს) ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში – 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციით დასრულდა.