მთავრობის ახალი დადგენილება შშმ პირების შესახებ
საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე, ახალი სამთავრობო დადგენილებით აღნიშნა, რითაც შშმ პირთა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა გრძელდება.
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 13 ივნისის №310 დადგენილებით ცვლილება შეიტანა ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებით, ყველა იმ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც არის მკვეთრად (I ჯგუფი) და მნიშვნელოვნად (II ჯგუფი), ასევე ომის ზომიერად (III ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხელფასთან ერთად მიიღებს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ სოციალურ პაკეტს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 23 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება № 279 ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“, რომლის საფუძველზე მკვეთრად და მნიშვნელოვნად, ასევე ომის ზომიერად შშმ პირებისათვის განისაზღვრა ყოველთვიური სოციალური პაკეტის ოდენობა (ფულადი გასაცემელი). აღნიშნული დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშვებოდა და წარმოშობილი უფლება წყდებოდა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული დადგენილება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირებს, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელების შესახებ.
საქართველოს ხელისუფლების მიერ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის N 639 და N 648 დადგენილებების მიხედვით, ვეტერანებისთვის განკუთვნილი 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 100 ლარამდე გაიზარდა. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის №310 დადგენილებით კი, დღეიდან შშმ პირები თანაბარი პირობებში იქნებიან.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანთა სახელით მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას ვეტერანთათვის გაწეული თანადგომისთვის და მომავალში კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამს.