კობა კობალაძემ ნიდერლანდების სამეფოს, ბელგიისა და კანადის თავდაცვის ატაშეებთან შეხვედრა გამართა
მიმდინარე წლის 29 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ერიკ ვან ვურენს, ბელგიის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ბარტ ჯან ვერბისტსა და კანადის თავდაცვის ატაშეს, ვიცე- პოლკოვნიკ ფილიპ სოვეს უმასპინძლა.
შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო ატაშეს ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა სამსახურის მუშაობის სპეციფიკის, ადმინისტრაციული მოწყობის, ვეტერანებისთვის სამსახურისა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ერთობლივი სოციალური და ჯანდაცვის პროექტების, საკანონმდებლო ინიციატივების, სამომავლო გეგმებისა და ამოცანების და იმ გამოწვევების გაცნობას, რომლებიც საქართველოს ვეტერანების წინაშე ჯერ კიდევ დგას.
კობა კობალაძემ სტუმრებს გააცნო სამსახურის განვითარების ეტაპები, ის ძალისხმევა, რომელსაც სამსახური და სახელმწიფო ერთობლივად ახორციელებენ ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; მან, ასევე,ისაუბრა დასავლელი პარტნიორების მიერ გაწეული თანადგომის და იმ ერთობლივი პროგრამების შესახებ, რომელთა განსახორციელებლად, სამსახური, უცხოელ მეგობრებთან ერთად ქმედით ნაბიჯებს დგამს.
სამსახურის დირექტორმა ისაუბრა იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, რუსული საოკუპაციო პოლიტიკის, სამხედრო აგრესიის გამო იმყოფება; ვეტერანთა განსაკუთრებულ ღვაწლსა და დამსახურებაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. მან, ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო დადგა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული საომარი აგრესიის გამო და ამ ფონზე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს საქართველოს გეო-სტრატეგიული მდგომარეობის გათვალისწინებით.
სტუმრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თავიანთი ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს; ისაუბრეს იმ სამომავლო პროექტებზე, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებაც საქართველოს ვეტერანების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მათ მადლიერება გამოხატეს მასპინძლობისთვის და მომავალი თანამშრომლობისთვის სამომავლოდ გეგმები დასახეს.
შეხვედრის დასასრულ, კობა კობალაძემ, ვიცე-პოლკოვნიკებს ერიკ ვან ვურენსა და ფილიპ სოვეს და პოლკოვნიკ ბარტ ჯან ვერბისტს სტუმრობისა და ქართველი ვეტერანების მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის, მათი მხარდაჭერის სურვილისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე.