საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტიდან 100 წელი გავიდა
დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტის ადგილზე აღმართული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიუხედავად, როგორც ქვეყნის შიგნით დარჩენილი, ასევე, საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი პატრიოტები განაგრძობდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ოკუპაციის შემდგომ წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, შეიარაღებული პარტიზანული რაზმები ბოლშევიკურ მთავრობას წინააღმდეგობას უწევდნენ.
„სამხედრო ცენტრს,’’ რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის, ხელმძღვანელობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი კონსტანტინე აფხაზი (ილია ჭავჭავაძის დისშვილი). 1923 წლის თებრვალში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა ‘’სამხედრო ცენტრი.’’
100 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, კავკასიის საგანგებო კომიტეტის (‘’კავჩეკას’’) ბრძანებით, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, სწორედ, აქ, ამ ადგილზე დახვრიტეს თხუთმეტი თავდადებული ქართველი_ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრები_ გენერალი კონსტანტინე აფხაზი (შერვაშიძე), გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალ-მაიორი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) წევრები, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი,ოფიცერი ივანე ქუთათელაძე, კაპიტანი ლევან კლიმიაშვილი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი,ასევე, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, როტმისტრი ნიკოლოზ ზანდუკელი.
თბილისის მერიის ძალისხმევით, ტრაგედიიდან 100 წლის თავზე, ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდა.