ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში, 23 მაისს, აფხაზეთობა აღინიშნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში, 23 მაისს, აფხაზეთობა აღინიშნება. 23 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
‘’აფხაზეთობისადმი’’ მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, გიორგი ვოლსკისთან, საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლებთან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან და ‘’აფხაზეთის მეომართა კავშირის’’ წევრებთან ერთად, სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში, მოციქულ სვიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწრო. ტაძრის საძირკველი, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავამ) აკურთხა.
ტაძარი შენდება ‘’აფხაზეთის მეომართა კავშირის’’ ინიციატივით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, 1990-იან წლებში განვითარებულ საომარ მოქმედებებში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და ოსთა სულების მოსახსენებლად. სამნავიანი ბაზილიკა მსოფლიოში ერთადერთი საკულტო ნაგებობა იქნება, სადაც აღევლინება ლოცვები ძმათამკვლელ დაპირისპირებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლის სულის განსანათლებლად, შერიგებისა და საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად.
დღესვე, გმირთა მოედანზე, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა მისი თანამებრძოლის, ლევან ქეცბაიას ინიციატივით და ფინანსური თანადგომით და თბილისის მერიის მხარდაჭერით. ბიუსტის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, მთავრობის წევრებთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, თავდავის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებთან და გენო ადამიას თანამებრძოლებთან ერთად დაესწრნენ.
‘’გენო ადამია, ჩვენთვის, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით აფხაზეთელებისთვის, არის სამშობლოს სიყვარულის, მისთვის თავგანწირვის და გმირობის მაგალითი. თითოეული მეომრის სიკვდილი მისთვის უდიდესი ტკივილი იყო. ომში დაღუპული თითოეული მებრძოლის ოჯახში თავად მიდიოდა და შვილმკვდარი მშობლებისგან მხოლოდ ერთი ფრაზა ესმოდა:’’ ხომ გმირულად დაიღუპა ჩემი შვილი?!’’ გენო ადამია სულ ამბობდა_მე, ჩემი სოხუმიდან ცოცხალი არ გავალო და კიდეც შეასრულა თავისი სიტყვა!.. დღეს, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მისი ხსოვნის და გმირობის წინაშე,’’- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ჯანდრი უბირიამ.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა გენო ადამიას ვაჟი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, მედიცინის ვიცე-პოლკოვნიკი, ელგუჯა ადამია:”გენო ადამია არის მამაჩემი, საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალ-მაიორი, რომელიც ომამდე არ იყო არც სამხედრო პიროვნება, არც პოლიტიკური მოღვაწე. ომამდე ის იყო ჩემი მამა და შემდეგ ის იყო ჩემი მეთაური,”-აღნიშნა თავის გამოსვლაში ელგუჯა ადამიამ.
გენო ადამია, საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს, კელასურის ხიდზე ბრძოლის დროს დაიღუპა. გენო ადამია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით. 2020 წლის 22 სექტემბერს, გენერალ-მაიორ გენო ადამიას, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
ინფორმაციისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, 2014 წლიდან ‘’აფხაზეთობის’’ კვირეულის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებების, მათ შორის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩართულობით,თემატურ ღონისძიებებს ატარებს.