აგროჰაბის საჩუქარი მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში პირველმა ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტმა, აგროჰაბმა, მრავალშვილიანი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ჩაატარა.
აგროჰაბის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ირინა ონაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში, თბილისსა და კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1992-93 წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანთა მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცეს. მათ, აგროჰაბის სახელით, მადლობა გადაუხადეს ვეტერანებს სამშობლოს ერთგული სამსახურისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გასწიეს.
‘’ დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, გვინდოდა, სწორედ იმ ადამიანთა ოჯახებში მოვსულიყავით, ჩვენი პატივისცემა და სიყვარული გამოგვეხატა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ყველაზე მეტი გაიღეს. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის, რადგან შევძელით, დღეს, ჩვენი მოკრძალებული საჩუქრებით გაგვეხარებინა შვიდი გმირი ადამიანის მრავალშვილიანი ოჯახი- ეს ულამაზესი ბავშვები. იმედი მაქვს, ყველას აგვისრულდება სანუკვარი სურვილი და მალე ვიხილავთ ჩვენს სამშობლოს ერთიანს და ძლიერს,’’-განაცხადა ირინა ონაშვილმა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის ჰიპერმარკეტ აგროჰაბს ვეტერანების მიმართ გამოხატული თანადგომისთვის; მთელ კომპანიას და მის თითოეულ თანამშრომელს ულოცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, წარმატებებს და ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს.