ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დაშბაშის რეკრეაციულმა სივრცემ, ომის ვეტერანებსა და მათ შვილებს უმასპინძლა

Posted by nona shamatava

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“, რომელსაც ‘’ახალგაზრდული მედიაკავშირი’’ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა მხარდაჭერით ახორციელებს, საზაფხულო ფაზა, წალკის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დაშბაშის კანიონზე ექსკურსიითა და სპორტული აქტივობით დაიწყო.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დაშბაშის რეკრეაციულმა სივრცემ, ომის ვეტერანებს, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და მათ შვილებს უმასპინძლა. ულამაზესი ხედების, მინის ხიდის გავლით ბრილიანტის ბოლო, ქვედა წერტილამდე ჩასვლისა და სხვა სანახაობების დათვალიერების შემდეგ, „ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა“პარაოლიმპიურ სპორტის სახეობაში გამართა „ბოჩა“ ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ ვეტერანებმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, არამედ მათმა შვილებმაც; მათ საუკეთესო გარემოში გაატარეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე_ 1 ივნისი.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით წარიმართა და მონაწილეთა უმრავლესობამ, სპორტის ამ სახეობაში, პირველად მოსინჯა საკუთარი ძალები. ტურნირი მეტად აზარტულად და მხიარულად წარიმართა, რადგან მამებს და შვილებს მიეცათ წყვილებში თამაშის შესაძლებლობა, რამაც, ტურნირი, მონაწილეთათვის, დაუვიწყარი გახადა.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დისციპლინებში. პირველი ადგილი, გუნდურ პირველობაში, მოიპოვეს სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა_ გიორგი ფილაურმა, დავით მაისურაძემ და ნაომი გოგიბერიძემ შვილებთან ერთად, ხოლო ინდივიდუალურში, თავი გამოიჩინა სამშვიდობო მისიაში დაჭრილი დავით მანჯავიძის ვაჟმა, დემე მანჯავიძემ. გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და მედლები. 

წლის განმავლობაში, პროექტის გენერალური სპონსორია პლატფორმა ინიციატივა, ხოლო სპონსორები გახლავთ სოკარი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში დაგეგმილ 30 აქტივობაში, საქართველოს მასშტაბით, 500–ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული, რითაც ხელი ეწყობა გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.