ბათუმში ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 12-13 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ბათუმში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 286-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 130 ვეტერანი, ხოლო, 156_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 300 სამედიცინო ვიზიტი; აქციის ფარგლებში, სამსახურის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადაეცათ 398 სათვალე.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, აჭარის ა.რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 11 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1193 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 1564 სათვალე; სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.