ზუგდიდში, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქალაქ ზუგდიდში, 13-14 მარტს, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიამ სამეგრელოს რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან, ფოთიდან, სენაკიდან და სხვა რაიონებიდან 66 სტატუსის მაძიებელი პირის საქმე განიხილა. შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დაესწრო.
ინფორმაციისთვის, ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის ძირითადი ამოცანაა, ვეტერანის და ვეტერანის ოჯახის წევრების დამადასტურებელი სტატუსის მაძიებელ იმ პირთა განცხადებების განხილვა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის/დაღუპვის ფაქტის დადგენა, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია. ასევე იმ პირთა განცხადებების განხილვა, რომელთა დოკუმენტაციიდან არ დგინდება კონფლიქტის ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მივლინების ფაქტი და არ გააჩნიათ ბრძანება კონფლიქტის ზონიდან დაბრუნების შესახებ.
სტატუსის მაძიებელი, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენის თაობაზე, განმეორებით კომისიის სხდომაზე აღარ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო კომისიის გადაწყვეტილებას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი, ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს მაძიებლისათვის უფრო ხელსაყრელი ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის განახლებული შემადგენლობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.