პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა დაბა ურეკში გამართული სპორტული ბანაკითდასრულდა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდული მედია-კავშირის ორგანიზებით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზა დაბა ურეკში გამართული ერთკვირიანი სპორტული ბანაკით დასრულდა.

‘’ყველა დროის ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი ბანაკი’’- ასეთი შეფასება დაიმსახურა შშმ პირთა ბანაკმა – „ურეკი 2023“. 8 სპორტულ  ჩემპიონატში, 80-მდე  პირმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, შშმ გოგონებმა და ვაჟებმა, ასევე, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ომის ვეტერანებმა.

ბანაკის ფარგლებში, თავი მოიყარა ჰერეთის, საგარეჯოს, მარნეულის, თბილისის, რუსთავის, გორის, ქარელის, ქუთაისის, ვანისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბენეფიციარებმა.

ჩემპიონატები გაიმართა სპორტის შემდეგ სახეობებში: მკლავჭიდში-მჯდომარე და მდგომარე პოზიციებში, მარჯვენა და მარცხენა მკლავში. მშვილდოსნობაში, პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში_ ბოჩა, პეინტბოლში, ნარდსა და დომინოში, მჯდომარე ფრენბურთში, ასევე, პირველად პროექტის არსებობის განმავლობაში, მონაწილეებმა, საკუთარი ძალები, წოლჭიმის სპორტის სახეობაშიც მოსინჯეს.

გამოვლინდა 40 გამარჯვებული, როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ დისციპლინებში. გამარჯვებულებს გადაეცათ გარდამავალი თასები, დიპლომები და მედლები.

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა და ომის ვეტერანთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

პროექტის პარტნიორები გახლავთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თბილისის, გორის, მარნეულს, ქუთაისის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიები.

პროექტის გენერალური სპონსორი კი  პლატფორმა ინიციატივაა, ხოლო სპონსორები: სოკარი, ტოიოტა კავკასია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.