მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი შალვა გოჩიტაშვილი 100 წლის გახდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, შალვა გოჩიტაშვილი, დღეს, 100 წლის გახდა. იუბილარს, დაბადების დღე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, ზვიად საბაშვილმა, სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში, ლავრენტი ბაიდაურმა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
შალვა გოჩიტაშვილი, ომში 17 წლის წავიდა და უკრაინის ფრონტზე იბრძოდა. იგი, ფაშისტებს, უნგრეთსა და იტალიაშიც ებრძოდა. ომის დამთავრების შემდეგ, წელიწადნახევრის განმავლობაში, უკრაინის შავი ზღვისპირეთს იცავდა და სამშობლოში, 1947 წელს დაბრუნდა.
ასაკის მიუხედავად, ბატონი შალვა მხნედ გამოიყურება. მას დღემდე ახსოვს ომის სასტიკი დღეების ქრონიკა, თავისი თანამებრძოლები და სტუმრებთან, ხშირად იხსენებს მის განვლილ გზას.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ბატონ შალვა გოჩიტაშვილს დაბადების დღეს, დღეგრძელობას და მხნეობას უსურვებს.