დღეს ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა
დღეს, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღეა. მას 63 წელი შეუსრულდებოდა.
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ამირიძემ, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა, ზვიად საბაშვილმა, სამმართველოს თანამშრომლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ტარიელ შარიფაშვილის თანამებრძოლებმა, ოჯახის წევრებმა და მისი სახელობის ზემო ხანდაკის სკოლის მოსწავლეებმა, სამშობლოსათვის დაღუპული გმირის საფლავი და მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, კასპის ბატალიონთან ერთად, ცხელ წერტილებში იბრძოდა. საქართველოს მთავრობამ, სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მებრძოლის მშობლიური სოფლის, ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც დგას მისი ბიუსტი.