კობა კობალაძის ვიზიტი აბუ-დაბიში ,,TAPS”-ის გლობალური ფედერაციის ფორუმის ფარგლებში გრძელდება

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე  აბუ-დაბიში, ,,TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. აღნიშნული საერთაშორისო დონის ღონისძიებაში, რომელიც 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე გასტანს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ომის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამხედრო სამსახურის დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე მზრუნველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იღებენ მონაწილეობას; კობა კობალაძე, ფორუმზე, ,,TAPS”-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონი ბონი ქეროლის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა მორიგი სემინარი:’’ერთად მშვიდობისათვის’’,რომელიც მსოფლიოში მიმდინარე საომარი კონფლიქტების გამო, მშვიდობის კუთხით არსებულ გამოწვევებს ეხებოდა. ფორუმის მონაწილეებმა, ერთხმად აღნიშნეს, რომ დღეს, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მსოფლიოს თითოეულ მოქალაქეს, მით უფრო ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს, ომში დაღუპულთა ოჯახებს, კიდევ ერთხელ არწმუნებს იმაში, რომ მშვიდობას მსოფლიოში ალტერნატივა არ აქვს; ცივილიზებულმა სამყარომ ერთიანი ძალისხმევით უნდა იაროს მშვიდობის დამყარებისკენ; ამ მიზნით, ყველა ქვეყანა, რომლისთვისაც მისი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ღირებულია, უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნისკენ, რომელსაც მშვიდობისკენ სვლა ჰქვია; თუმცა, ამავდროულად, თითოეულმა ქვეყანამ, უნდა განაგრძოს სწრაფვა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ.

ფორუმის მონაწილეებმა, აბუ- დაბიში ხსოვნის მუზეუმი დაათვალიერეს; სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს თავიანთი პროგრამები და პრეზენტაციები, რომლებიც, უმთავრესად, მშვიდობასა და თავიანთი ქვეყნების თავდაცვიუნარიანობის ამაღლებისკენ იყო მიმართული.

კობა კობალაძემ, თავის გამოსვლაში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულ ხედვას და მისწრაფებებს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად; მშვიდობის განსამტკიცებლად და დასაცავად  საქართველოს ვეტერანთა ჩართულობას.

ინფორმაციისთვის, ქალბატონი ბონი ქეროლი ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომი ქეროლის მეუღლეა. 1994 წელს, ბონი ქეროლმა, ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია „Tragedy Assistance Program for Survivors“ ( ”TAPS’) დააარსა და მათი თანადგომისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს.