კობა კობალაძე: ”ჩვენ ვართ განწირულები იმისთვის, რომ ვიყოთ ერთიანები და თავისუფლები!”
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა ვლადიმერ იმნაძემ, დღეს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
” 35 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ამ ახალგაზრდებმა, ამ მამულისთვის გულანთებულმა ადამიანებმა თავიანთი თავი სამსხვერპლოზე მიიტანეს. ფაქტობრივად, პირველად იყო მაშინ ახალი აღდგენილი დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ჩვენ მზად ვიყავით გვებრძოლა თავისუფლებისათვის და თავი გაგვეწირა მისთვის. ჩვენ ვართ განწირულები იმისთვის, რომ ვიყოთ ერთიანები და თავისუფლები,”- განაცხადა კობა კობალაძემ.
9 აპრილის მემორიალთან, ასევე, იმყოფებოდნენ სამსახურის თანამშრომლები და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი ანტი-საბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც_მათგან ყველაზე უმცროსი, ეკა ბეჟანიშვილი, მხოლოდ 15 წლის იყო.
9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა, სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო; დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი _ 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მას შემდეგ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი, ეროვნული ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.
9 აპრილს დაღუპული გმირები:
ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის
თამარ ჭოველიძე, 16 წლის
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
აზა ადამია, 22 წლის
ნატო გიორგაძე, 23 წლის
თამუნა დოლიძე, 28 წლის
თინა ენუქიძე, 70 წლის
ნინო თოიძე, 22 წლის
ზაირა კიკვიძე, 61 წლის
მანანა ლოლაძე, 34 წლის
თამარ მამულაშვილი, 50 წლის
ვენერა მეტრეველი, 45 წლის
მამუკა ნოზაძე, 21 წლის
ნანა სამარგულიანი, 41 წლის
შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის
მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
მანანა მელქაძე, 26 წლის
გია ქარსელაძე, 25 წლის
დიდება გმირებს!